ჩვენს თანამშრომლობას დასაბამი მისცა პროექტმა, რომელიც განხორციელებულ იქნა 2004-2005 წლებში ქ. ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის თაოსნობით. იდეა მდგომარეობდა შემდეგში: ჩვენს რეგიონში (სამხრეთ კავკასიასა და თურქეთში) მდებარე უნივერსიტეტები ურთიერთობდნენ შორეულ უნივერსიტეტებთან დასავლეთსა და აღმოსავლეთში, ხოლო მეზობელი ქვეყნების ანალოგიურ ცენტრებთან თანამშრომლება თითქმის არ არსებობდა. გამომდინარე აქედან, ძირითადი მიზანი გახლდათ პროექტში მონაწილე საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის რეგიონალური კოოპერაციის გაძლიერება. აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ცხრა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტმა ამერიკული უნივერსიტეტის გლობალური მშვიდობის ცენტრთან ერთად განახორციელა აღნიშნული პროექტი. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობები მეტად სასარგებლო აღმოჩნდა თითოეული უნივერსიტეტისა და მათი წარმომადგენლებისათვის. თანამშრომლობა პროექტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდა. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს აზერბაიჯანის ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ხაზარის უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და პირველი რექტორის, პროფესორ ჰამლეტ ისახანლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორის პროფესორ თეიმურაზ ხუროძის ერთობლივი გადაწყვეტილება საქართველოში “აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტის” დაფუძნების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას იმთავითვე მხარი დაუჭირა საქართველოში ცნობილმა ბიზნესმენმა, მათემატიკის აკადემიური დოქტორმა ზაზა ნიშნიანიძემ. ვინაიდან უნივერსიტეტის ერთერთი დამფუძნებელი წარმოადგენს თბილისში განლაგებული პოლიპროფილური და სპეციალიზირებული კლინიკების მთავარ აქციონერს, მიზანშეწონილად ჩაითვალა პირველ რიგში დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. ცნობილია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი კვალიფიკაციის მედიკოსის აღზრდისათვის უნივერსიტეტის სტრუქტურაში საუნივერსიტეტო კლინიკების არსებობას. ვფიქრობთ, რომ საერთო ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა ისეთი უნივერსიტეტის დაარსება, რომელიც თავისი მატერიალური ბაზით, სათანადო კომპეტენციის აკადემიური პერსონალით და თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებით ერთერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი იქნება მთელს რეგიონში.
© ყველა უფლება დაცულია.
დამზადებულია utoweb.com-ში.