აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტმა აკადემიური თავისუფლების საკითხებზე ტრენინგს უმასპინძლა
აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტმა აკადემიური თავისუფლების საკითხებზე ტრენინგს უმასპინძლა
აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტმა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, წარმატებით ჩაატარა ტრენინგი „აკადემიური თავისუფლება: პრინციპები, გამოწვევები და პრაქტიკა“, რომელიც აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალს აერთიანებდა.
ტრენინგის მიზანი იყო აკადემიური თავისუფლების, როგორც უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულების, მნიშვნელობის გაძლიერება და მისი როლის წარმოჩენა ხარისხიანი სწავლების, ეთიკური კვლევისა და ეფექტიანი ინსტიტუციური მმართველობის პროცესში.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს აკადემიური თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები, ქართული კონტექსტი, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებში ღია, პასუხისმგებლიან და აკადემიურ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემოს განვითარებას.
ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული სპიკერები:
- გიგა ხოსიტაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, დისტანციური სწავლებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში (ETHICS)” კოორდინატორი;
- ნიკოლოზ ფარჯანაძე – პროფესორი, განათლების ექსპერტი, ევროპის უნივერსიტეტი;
- ავთანდილ გაგნიძე – აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის კვლევისა და სტრატეგიული განვითარების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი;
- ნიკა თიკანაშვილი – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კვლევის მიმართულების ვიცე-რექტორი, პროფესორი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ექსპერტების გამოცდილებას, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და ემსჯელათ აკადემიური თავისუფლების, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე.
აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი მადლობას უხდის მოწვეულ სპიკერებს პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, ხოლო ტრენინგის ყველა მონაწილეს – აქტიური ჩართულობისა და საინტერესო დისკუსიებისთვის.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს აკადემიური ხარისხის განვითარებას, ინსტიტუციური ღირებულებების განმტკიცებას და საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კულტურის გაძლიერებას.


























