აღმოსავლეთდასავლეთის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამამედიცინა
მიმოხილვა

MD პროგრამის ძირითადი მიზანი არის მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური სამედიცინო პროფესიონალების მომზადება, რომლებიც მზად იქნებიან გლობალურ ჯანდაცვის სფეროში წარმატებით მოღვაწეობისთვის და შეესაბამებიან სამედიცინო პრაქტიკის უმაღლეს სტანდარტებს.

პროგრამის ამოცანები:

ამოცანა 1: სტუდენტებისთვის საბაზისო და კლინიკური სამედიცინო მეცნიერებების ცოდნის ძლიერი საფუძვლის შექმნა, რაც მოიცავს პრაქტიკულ და კლინიკურ უნარებს წარმატებული სამედიცინო პრაქტიკისთვის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებების პრევენციის ჩათვლით.

ამოცანა 2: პროფესიონალიზმის, ეთიკური პასუხისმგებლობის, კულტურული კომპეტენციისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბება, რათა უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი სამართლიანობის, მზრუნველობისა და სანდოობის პრინციპებზე დაყრდნობით.

ამოცანა 3: კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება, რაც დაეხმარება სტუდენტებს სტანდარტულ და რთულ სამედიცინო სიტუაციებში ეფექტურად მოქმედებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მედიცინის დინამიკურ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარით.

ამოცანა 4: კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება, რათა სტუდენტებმა შეძლონ მრავალპროფილური სამედიცინო ჯგუფების ეფექტური მართვა და პაციენტზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება.

ამოცანა 5: უწყვეტი პროფესიული განვითარების, გამძლეობისა და კეთილდღეობისადმი ერთგულების დამკვიდრება, სტუდენტების მომზადება ჯანდაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ლიდერული როლების დასაკავებლად.

პროგრამა შემუშავებულია არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (Arizona State University) თანამშრომლობით და მოიცავს განათლების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს. მედიცინის სფეროს სპეციფიკური სასწავლო შედეგები შემუშავებულია „უმაღლესი განათლების მედიცინის სექტორული საყრდენი სტანდარტისა“ და WFME-ის რეკომენდაციების მიხედვით. პროგრამა განსაზღვრავს 14 ძირითად სასწავლო შედეგს, რომლებიც ასახავს კურსდამთავრებულებისგან მოსალოდნელ კომპეტენციებს.

სასწავლო გეგმაში ინტეგრირებულია არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსები, როგორც “გამდიდრებული”, ასევე “სრულად მიღებული” ფორმატებით. “გამდიდრებული” კურსები ინტეგრირებულია პროგრამის მოდულებში ძირითადად სიცოცხლის მეცნიერებებში, ხოლო “სრულად მიღებული” კურსები შეთავაზებულია ძირითადად არჩევითი და თავისუფალი კრედიტების სახით. მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტებს დამატებით ენიჭებათ სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

პროგრამის ინტეგრირებული სტრუქტურა (Harden-ის მიხედვით 7-ე დონე), რომელიც შედგება მოდულებისა და კურსებისგან, შექმნილია ადამიანის სხეულის როგორც ცოცხალი ორგანიზმის შესასწავლად — მისი სტრუქტურის, ფუნქციისა და განვითარების სხვადასხვა დონეზე: მოლეკულურ, ორგანოთა სისტემურ და ინდივიდუალურ დონეზე. პროგრამა ასევე აქცენტს აკეთებს იმ ცვლილებების გაგებაზე, რომლებიც დაკავშირებულია დაავადებებთან, ტრავმებთან, გერონტოლოგიასთან, გენეტიკასთან, განვითარების დარღვევებთან და მათ მკურნალობასთან, ასევე შიდა და გარე ფაქტორებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ შედეგებზე.

სასწავლო პროცესის საწყის ეტაპზე საბაზისო სამედიცინო და კლინიკური მეცნიერებები ინტეგრირებულია საერთო (შესავალი) და სპეციალურ მოდულებში. საერთო მოდული უზრუნველყოფს აუცილებელ ფუნდამენტურ ცოდნას, ქმნის კავშირს სამედიცინო დისციპლინებთან და ხელს უწყობს ზოგადი ცოდნის ჩამოყალიბებას, რაც ასევე აუცილებელია სპეციალურ მოდულებში არსებული შინაარსის ინტეგრირებული გააზრებისთვის.

სპეციალური მოდულების სტრუქტურა ფოკუსირებულია სამედიცინო მეცნიერებების მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო პრაქტიკისთვის, ჯანდაცვისთვის, დაავადებების, ტრავმებისა და ინვალიდობის პრევენციისთვის. ეს სპეციალური მოდულები მოიცავს  ადამიანის სხეულის სხვადასხვა სისტემებს, სადაც თითოეული მოდული რამდენიმე სისტემას აერთიანებს. სასწავლო გეგმა აგებულია სპირალური მოდელით, რაც გულისხმობს ცოდნისა და უნარების მრავალჯერად გაღრმავებას და განმტკიცებას ვერტიკალურ მოდულებში.

საერთო ჯამში, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დიზაინი შექმნილია შემდეგი ძირითადი პრინციპებით:

(i) საბაზისო და კლინიკური მეცნიერებების ინტეგრაცია კლინიკური პრობლემების გადაჭრისთვის;

(ii) კლინიკური მომზადებისა და პრაქტიკული სწავლების ფაზისთვის აუცილებელი საფუძვლების შექმნა;

(iii) სტუდენტების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

სასწავლო გეგმის მოდულები ორგანიზებულია ექვს ძირითად მიმართულებად:

  1. სიცოცხლის სტრუქტურა
  2. სიცოცხლის კონტროლი
  3. სიცოცხლის ციკლი
  4. სიცოცხლის შენარჩუნება
  5. სიცოცხლის დაცვა
  6. სიცოცხლის მხარდაჭერა

გარდა ამისა, პროგრამა უზრუნველყოფს კლინიკური პრაქტიკისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების თანდათანობით შეძენას სხვადასხვა სამედიცინო სერვისის სფეროში:

  • მწვავე ავადმყოფების მკურნალობა შემთხვევის ადგილზე და გადაუდებელი დახმარება;
  • შინაგანი დაავადებების მკურნალობა;
  • ქირურგიული პაციენტების მკურნალობა;
  • ჯანდაცვის სისტემაში მუშაობა;
  • გერონტოლოგიური მკურნალობა;
  • პედიატრიული მკურნალობა;
  • ფსიქიატრიული პაციენტების მკურნალობა;
  • გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, ფიზიოლოგიური მშობიარობის მართვა;
  • კრიტიკული მდგომარეობის მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში;
  • სხვადასხვა სისტემების დაავადებების მკურნალობა (კარდიოლოგია, ნეფროლოგია, პულმონოლოგია და სხვა);
  • ანესთეზიოლოგია ;
  • რეაბილიტაცია და სპორტული მედიცინა;
  • ტელემედიცინა და ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში და სხვა

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ექვს წელს და მოიცავს სულ 360 ECTS კრედიტს. დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხისა და კვალიფიკაციის მისაღებად, თითოეულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 5,500 საკონტაქტო საათი, რაც სავალდებულოა სამედიცინო პროგრამის დასასრულებლად.