სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერისა და წახალისების პროგრამები
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მხარს უჭერს განათლებაზე თანაბარ წვდომას, უზრუნველყოფს სტუდენტთა სოციალურ მხარდაჭერას და ახორციელებს სხვადასხვა სახის საგრანტო და სტიპენდიურ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების აკადემიური პროგრესის ხელშეწყობასა და მოტივაციის ამაღლებას.
გრანტი – „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის თანადგომა“
გრანტის მიზანია იმ სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ან ეკონომიკური გამოწვევის წინაშე იმყოფებიან. პროგრამა უზრუნველყოფს სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას და ხელს უწყობს ხელმისაწვდომი განათლების მიღებას.
გრანტით სარგებლობისთვის სტუდენტმა უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან მეტ კრიტერიუმს:
- ოჯახის წევრების ერთდროული სწავლა უნივერსიტეტში
თუ ერთი ოჯახიდან ერთდროულად სწავლობს ოჯახის ორი ან მეტი წევრი, ოჯახის ერთი წევრის სწავლის საფასური მცირდება 30%-ით. თუ სწავლის საფასური განსხვავებულია, შეღავათის გაანგარიშების ბაზად აიღება ორივე სწავლის საფასურის არითმეტიკული საშუალო. შენიშვნა: ოჯახის წევრი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და დასტურდება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით.
- სოციალურად დაუცველი სტუდენტი
თუ სტუდენტი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდან მისი სწავლის საფასური მცირდება 40%-ით.
შენიშვნა: სტატუსი უნდა დადასტურდეს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით.
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილი
თუ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილი მისი სწავლის საფასური მცირდება 40%-ით. შენიშვნა: აღნიშნული კატეგორიის პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო მოწმობა.
- მცირეწლოვანი შვილის/შვილების ყოლა
თუ სტუდენტს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი/შვილები მისი სწავლის საფასური მცირდება 20%-ით.
- სხვა განსაკუთრებული შემთხვევები
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის შიდა გრანტი
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის გრანტის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც მოპოვებული აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროს ან ვერცხლის მედალი და შესაბამის სასწავლო წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან პირველ ან მეორე პრიორიტეტად (არჩევანად).
აღნიშნული გრანტით სარგებლობის პერიოდში სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს სხვა სახის ფინანსური შეღავათებითაც.
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტიპენდია
უნივერსიტეტი სტუდენტის წახალისების, მოტივაციის ამაღლებისა და მისი მიღწევების აღიარების მიზნით აწესებს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტიპენდიას, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე დამოკიდებულ სტუდენტის ფინანსურ წახალისებას.
სტიპენდიის მიღების უფლება სტუდენტს აქვს შესაბამის პროგრამაზე სწავლის გეგმიური პერიოდის განმავლობაში, სწავლის მეორე სემესტრიდან, უნივერსიტეტის წინა აკადემიური სემესტრში საკუთარი სწავლის შედეგების გათვალისწინებით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს.


























